ჩინელი გოგონა შიუ შიუ და dork-ი ჯეიმი სტიუარტი

xiuxiuart

‘’თანამედროვე საზოგადოება ბედნიერების კომპლექსითაა დაავადებული. ზოგს თავი მართლა ბედნიერი ჰგონია, ზოგს აჯერებენ, რომ ბედნიერია, ზოგი კი მიისწრაფვის მოგონილი ბედნიერებისკენ. მას, ვინც ამას ეწინააღდეგება და რამის თქმა უნდა, უწევს მოყვეს ისტორიები საკუთარი დამარცხებების შესახებ’’ – ჯეიმი სტიუარტი.

არის ასეთი სულისშემძვრელი ჰონგ კონგური ფილმი: ‘’შიუ შიუ: გადასახლებული გოგონა’’. 16 წლის შიუ-შიუს სულ უბედურებები სდევს თან, რაც არ უნდა მოიმოქმედოს, მისი მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უარესდება, საბოლოოდ ის ბოლომდე ითრგუნება და ნადგურდება. კალიფორნიელ ჯეიმი სტიუარტს შემთხვევით არ გადაუწყვეტია 2002 წელს, თავის ახლად ჩამოყალიბებულ ბენდისთვის ამ ტრაგიკული პერსონაჟის სახელი, შიუ-შიუ (Xiu Xiu) დაერქმია, რადგანაც სწორედ ტკივილი, ტანჯვა, უბედურების განცდა და აუტანელი ყოფა გახდა მისი პირქუში შემოქმედების მთავარი მამოძრავებელი ძალა; მის სიმღერებში გამოსავალი არ ჩანს, მის სიმღერებში ჰეფი-ენდი გამორიცხულია.

მაგრამ ძალაუნებურად ისმება შეკითხვა, რამდენად გულწრფელია ჯეიმი სტიუარტი, რამდენად იმსახურებს ის ნდობას, რამდენად შეგვიძლია ჩვენ გავხდეთ თანამოაზრე იმ მძაფრი ემოციური განცდებისა, რაზეც ის აპელირებს თავის შემოქმედებაში და რამდენად დამაჯერებელია მისი აკუსტიკურ-მუსიკალური ხერხები ჩვენს დასარწმუნებლად? ჯეიმი სტიუარტის ზოგს სჯერა, ზოგსაც არა და რაც არ უნდა პარადოქსალური იყოს, ამაში არანაირი წინააღმდეგობა არ არის. მისი ვოკალი იმდენად მანერულია, იმდენად თეატრალიზებულია, იმდენად გაზვიადებულია, რომ ნებისმიერი სხვა არტისტის შემთხვევაში უეჭველად გამოიწვევდა სიყალბის, გრძნობების სიმულაციის განცდას, მაგრამ სტიუარტთან აშკარად იგრძნობა შინაგანი ნერვის თრთოლვა, რომელიც გაიძულებს, დაუჯერო და ეჭქვეშ არ დააყენო მისი გულწრფელობა. აღმოჩნდა, რომ მისი სიმღერები, რეალური ადამიანების რეალური ცხოვრებისეული კატასტროფებია, რეალური სახელებით და როდესაც ის მღერის მაგალითად მამამისის თვითმკვლელობაზე (სიმღერაში Mike), ეს ნიშნავს, რომ მამამისმა მაიკლ სტიუარტმა მართლა მოიკლა თავი. უფრო მეტიც, თვითონ ჯეიმი სტიუარტი ამბობს, რომ ტკივილი და მძიმე განცდები, სულაც არ არის მისი პირადი კრედო, მისი თვითმიზანი.

 

‘’მოხდა ისე, რომ უკანასკნელი წლების მანძილზე, ჩემს გარშემო არსებულ ძალიან ბევრ ადამიანს, ჩემს ახლობლებს, ნათესავებს, ბევრი უკიდურესად მძიმე და ნეგატიური ამბები გადახდათ თავს, ამიტომ, ჩვენი თვითმიზანი კი არ იყო, რომ მაინც და მაინც ტკივილზე გვემღერა, არამედ გვინდოდა დოკუმენტურად დაგვეფიქსირებინა ეს ამბები ჩვენს სიმღერებში’’.

და აი სწორედ აქ ხდება ყველაზე საინტერესო რამ: შენად აქციო და გაითავისო სხვისი ტკივილი, ხოლო შემდეგ აიძულო შენი მსმენელი, რათა მანაც ბოლომდე გაიზიაროს და იგრძნოს ეს განცდა. სწორედ ეს ხდება ჯეიმი სტიუარტის და Xiu Xiu-ს მთავარი არტისტული-მუსიკალური კრედო და გამოწვევა, სწორედ აქედან მოდის ის აქტიორული, ისტერიულ-სასოწარკვეთილი ვოკალი და ის დეპრესიულ-სტრესული, არაპროგნოზირებადი საუნდი, რომელიც ასე აცბუნებს და ანერვიულებს მსმენელს, მათ მუსიკასთან პირველად შეჯახებისას. ასეთი სახის აკუსტიკური რეალობა კი პრინციპულად განსხვავდება არა მარტო საკუთარი დემონებისგან და ვნებებისგან გატანჯული წარსულის დიდი არტისტების კლაუსტროფობიული შემოქმედებისგან(რომელთა უდიდესი თაყვანისმცემელია სწორედ ჯეიმი სტიუარტი), არამედ ნარცისიზმით შეპყრობილი იმ თანამედროვე არტისტების მუსიკისგანაც, რომლებმაც სასოწარკვეთილება აქციეს თავიანით წარმატებული კარიერის ქვაკუთხედად. სხვათა შორის სტიუარტი ვერ იტანს თანამედროვე ინდი მუსიკას და არა მარტო იმიტომ, რომ ეს მუსიკა საკუთარ მონაპოვარში იხარშება და სისტემატიურად ერთ ადგილს ტკეპნის. მას უფრო აღიზიანებს ის გულგრილობა, რაციონალიზმი და უკიდურესი თავშეკავებულობა რაც ამ მუსიკიდან მოდის დღეს.
2‘’ტანჯვა-წამება’’ არ არის Xiu Xiu-ს ერთადერთი მოტივაცია მუსიკის შესაქმნელად, აკი ამბობს კიდეც ამას სტიუარტი. მისთვის ძალიან მნშვნელოვანია სექსუალური თემატიკაც და ყველაფერი ის რაც მის გარშემო, მის თავს ხდება; თუმცა, მისი შემოქმედება მაინც ყოველთვის ობსკურულია და უაღრესად ნატურალისტური, როგორც აკუსტიკურად ასევე თემატურადაც, ოღონდ ისეთი, რომელიც არსდროს გადადის უხამსობაში. მის მუსიკაში, მის საუნდში უდავოდ იგრძნობა იმ მუსიკის გავლენა, რომელიც მას ძალიან უყვარს: ბრიტანული პოსტპანკი, აკადემიური ავანგარდი (სწორედ აქედან მოდის Xiu Xiu-ს ატონალური წიაღსვლები), ინდონეზიური გამელანი, კორეული და იაპონური ეთნიკური მუსიკა (აქედან მოდის, გონგების, ზარების, ერთმანეთზე დადებული პერკუსიების საუნდი და უკიდურესად გაწელილი ნოტები, განსაკუთრებით ადრეულ ალბომებში), ჰაუსი და ტექნო, ბევრია ძველი ელექტრონიკა, გუგუნი და ნოიზი.

რა თქმა უნდა, სვადასხვა კატეგორიის მსმენელი სხვადასხვანაირად აღიქვამს Xiu Xiu-ს მუსიკას (ანუ ვინც ეს ყველაფერი იცის და ვინც არ იცის), მაგრამ ჯეიმი სტიუარტი ისე ოსტატურად მანიპულირებს ამ გავლენებით, რომ ყველა ამ ელემენტის არსებობა, ასე აშკარად ხელშესახები არ არის. ამიტომაცაა ეს მუსიკა სიურპრიზებითა და მოულოდნელობებით აღსავსე, რომელშიც ხშირად რადიკალურად იცვლება აკუსტიკური განწყობა და სრუალიად არაპროგნოზირებადი ხდება. თუმცა, მიუხედავად ასეთი გარეგნული სირთულისა, ის მაინც არ იწვევს დისკომფორტს და ეს გასაგებიცაა, Xiu Xiu-ს მუსიკა 21-ე საუკუნის აზროვნებით შექმნილი მუსიკაა, ასეთი მუსიკა შეუძლებელია შექმნილიყო ადრე და ის თანამედროვე ყურისთვისაა გათვლილი. თანაც უკანასკნელ პერიოდში მათი მუსიკა აშკარად გამარტივდა და უფრო ადვილად აღსაქმელიც გახდა(განსაკუთრებით ეს ეხება მათ ბოლო ალბომს Forget, რომელიც წელს გამოვიდა).


მთავარი კი მაინც ისაა, რომ გზა, Xiu Xiu-ს მუსიკისკენ განსხვავებულია და თითოეული მსმენელის ინდივიდუალურ აღქმაზეა დამოკიდებული. აკი ამბობს კიდეც ჯეიმი სტიუარტი, რომ სულაც არაა აუცილებელი მსმენელმა ჩვენი მუსიკა აღიქვას ისე და იმ კონტექსტში, როგორც ეს ჩვენ გვაქვს ჩაფიქრებულიო; უფრო მეტიც ის იმასაც კი ამბობს, რომ:

’’მე სულაც არ ვარ დარწმუნებული ჩემს მუსიკაში და შესაძლებელია ამიტომაც ‘’ვალამაზებ’’ ყველანაირი სულელური ფსევდოექსპერიმენტალური გამოხტომებით, რომელიც სინამდვილეში სულაც არ არის უცნაური და რადიკალური, მაგრამ ნამდვილად გვინდა, რომ ჩვენი მუსიკა აბსოლუტურად გულწრფელი იყოს და აზრი ჰქონდეს სხვა ადამიანებისთვისაც. ზუსტად არც ვიცით, როგორ უნდა ჟღერდეს ასეთი მუსიკა, შეგვიძლია მხოლოდ მივხვდეთ და ვცადოთ’’.

ამბობენ, რომ Xiu Xiu-ს მუსიკა კონცერტებზე, რადიკალურად განსხვავდება მათი ალბომებისგანო; იმასაც ამბობენ, რომ ჯეიმი სტიუარტი კონცერტებზე იმ პაციენტს ემსგავსება, რომელიც თავის ყველაზე ფარულ კომპლექსებს და ფობიებს უზიარებს მის წინ აღმართულ ფსიქოანალიტიკოსსო. ვნახოთ, როგორ გაართმევს ქართული პუბლიკა თავს ფსიქოანალიტიკოსის ურთულეს პროფესიას.

ავტორი: გია ხადური