ოპციები. Vazhmarr (OST)

ფოტო: გიორგი ნებიერიძე

ფოტო: გიორგი ნებიერიძე

ალბათ იმის გამო, რომ საქართველოს გარეთ მუსიკალური აზროვნების უზარმაზარი ისტორიული გამოცდილება არსებობს, ჩვენს განვითარებად ინდუსტრიაში თითქმის საჭიროებადაც იქცა შემდეგი ტენდენციაროდესაც სცენაზე ახალგაზრდა ექსპერიმენტალისტი დგება, საზოგადოება მის გათავისებასა და განსაზღვრას სხვადასხვა ჟანრული კატეგორიებით, მზა შინაარსებით, იდეოლოგიური ნარატივებითა და განწყობებით იწყებს და ხშირად უკვე არსებულ, მსოფლიო მასშტაბით დაცდილ პრეცედენტებს ადარებს. საყურადსაღებო და მრავლისმთქმელია ის ფაქტი, რომ ახლა საუბარი სწორედ ისეთ ქართველ მუსიკოსზე გვიწევს, რომელიც თავისი მუსიკალური მანერით ცნობილი და კონტროვერსიული ჟანრების არა თავის თავზე უკედ მორგებას, არამედ მათ შინაარსობრივ გააზრებასა და რედეფინიციასაც კი გვთავაზობს.

ოპცია 1: “Braindance”

ფოტო: ნიკა მარი
ფოტო: ნიკა მარი

 მიუხედავად იმისა, რომ ვაჟა მარმა რამდენჯერმე აღნიშნა რა მოსაწყენია მისთვის ჟანრულობა, პირველი შთაბეჭდილებით მის მუსიკალურ პარამეტრებს: მრავალფეროვან ტემბრალურ ქსოვილს, საერთო საშუალო ტემპში რიტმის ვარიაციულ დამუშავებას და ვირტუალური შრეების კომპლექსურ ურთიერთქმედებას მაინცსაძულველიაკრონიმი IDM გამოყავს წინა პლანზე. საძულველი იმიტომ, რომ ამ შემთხვევით დამკვიდრებული განსაზღვრებისათვის (“Intelligent Dance Music” – “ინტელექტუალური საცეკვაო მუსიკა”), ჟანრის პიონერებს მუსიკალური სამყარო დღემდე ბოდიშებს ახდევინებს. გეგონება რამე ექსკლუზიურ ცოდნას უნდა ფლობდე, რომ ეს მუსიკა შენთვის წვდომადი იყოს. არადაუბრალოდ ხელების ან ფეხების მაგივრად, ტვინი ცეკვავს” – ვიფიქრე Vazhmarrის ერთერთი ლაივის მოსმენისას და გონებაში მომენტალურად კრისტალიზირდა ჟანრის (დღეს უკვე ძალიან ფართო სცენის) მოგვიანებითი, თითქოს უფრო მისაღები განმარტება; “Braindance” (ტვინის ცეკვა). თვისობრივადყველაფერი რასაც ტერმინის ავტორი “Braindance”-ში გულისხმობდა ამ არტისტთანაც ლეგიტიმურია: მუსიკა თვითანალიზისკენაა მიმართული და აქტიურ სმენას, გონების სრულ ჩართულობას, “ყურად ღებასითხოვს. არა ინტელექტუალობას, არამედ პირიქით, ყოველგვარი წინასწარი განწყობისაგან დაცლას. მუსიკალური პროცესების მეშვეობით სენსიტიურ, ინტელექტუალურ სტიმულაციასსააზროვნო თავგადასავალს. ინტროსპექციას. თუმცა Vazhmarrისტვინის ცეკვაარაა მხოლოდ ჟანრული ადეპტი ან ზემოქმედების თავისებურება, არამედ კომპოზიციური მეთოდოლოგიაა. ეს პირდაპირი გაგებით, ტვინის ცეკვის სტრუქტურული ილუსტრაციაა და აი რატომ:

ოპცია 2: ამბიენტი

ესესაა დრონის ჰორიზონტმა თითქოს სივრცე უნდა მოიცვას, რომ მას განმეორებადი, ჩახშული ბიძგები აყოვნებს. შეტევის გარეშე, მაგრამ სპონტანურად შემოდის გაურკვეველი ჩელოს მსგავსი დაბალი ბგერები, რომელმაც ინტერვალებზე მიმოსვლით მელოდია უნდა ააწყოს, თუმცა მისი ტრაექტორია მამაკაცის ფრაგმენტულ ლაპარაკამდე მიდის და პირვანდელი დრონის დანაწევრებულ, მოტორისებრ ტრიალთან სრულიად სხვა, შეყოვნებული და გაშლილი დარტყმები რეზონირებს. სერიოზულ ტონს უცბად ოდნავ კომიკური, ზამბარის ავარდნადავარდნის მსგავსი დრეკადი სინთეტური ფიგურაცია ემატება. ლუპი ცოტა ხნით რჩება, მაგრამ ასწრებს გაგვაგებინოს რომ ჰიპნოტურია. ამ ყველაფრის შემდეგ კი ყოველგვარი ლოგიკის აცდენით გაშლილი, კოსმიური აკორდი შემოდის, საკმაოდ მკაფიო ატმოსფერული განწყობითა და სინათლით. სხვადასხვანაირად ჰარმონიზებული, უბრალო მელოდიური მოტივი გასტაბილურებს, მაგრამ ეს მალევე გეცლება ხელიდან, რადგან სხივებს შორის უკვე პოლიციის სირენა შემოდის და აქ უკვე ვერ ხვდები, არტისტი რა ხასიათს გთავაზობს, საით მიყავხარ. აქამდე გაგებული ხმის არცერთი პირველწყარო არ გეცნობა, არც მზა ხმებისა და არც ინსტრუმენტების (რადგანაც ვაჟა მათ პირველად ტემბრს თითქმის არასდროს იყენებს, აკუსტიკური წყარო იქნება ეს თუ ციფრული, ის ყოველთვის დეტალურად მუშავდება და ისე გარდაიქმნება, რომ რთულია მათ შორის ზღვარი დაინახო), თუმცა ყოველი მათგანი ცალკეულ ხმაზე მეტად გარემოა, ილუსტრირებული ფრაგმენტი. რამდენიმე ხასიათობრივად შეუსაბამო ცვლილების შემდეგ ხვდები, რომ ეს განგებ ხდება. ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებელ სურათებს განსაზღვრულ დროში კომპაქტურად გაწოდებენ.

ფოტო: ნუცა წიქარიძე
ფოტო: ნუცა წიქარიძე

 ამბიენტის კლასიკური კომპონენტების გამოყენება ასეთ მუსიკალურ ტაქტიკაში სრულიად სხვა, არასტანდარტულ ამბიენტს გვაძლევსთუ ჩვენი ყური გრაციოზულ ატმოსფერულ მონაცვლეობასაა მიჩვეული, აქ ნელი და მუტაბელური კონტინუმის ნაცვლად პირდაპირი შემოთავაზებებია. განსხვავებული მდგომარეობები, რომლებიც აზრობრივად არაა მიბმული, უბრალოდ ერთმანეთის მიმართაა განლაგებული. ურთიერთდაპირისპირებული შეხამებებით ვაჟა მარის მუსიკა მოლოდინის წინააღმდეგ, კონტრინტუირიური ტრაექტორიით ვითარდება და სრულიად ახალ აზრობრივ ფიგურას გვაძლებს. ახალ მუსიკალურ ლოგიკას ქმნის.

ალბათ არაა შემთხვევითი, რომ ამ ეტაპზე მას ლაივაქტებზე მუშაობა უფრო აინტერესებს ვიდრე ტრეკის ხანგრძლივობაში მოქმედება. ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს პროცესუალური მუსიკაა. მუსიკა, რომელიც გარკვეულ დროში თანდათანობით ხდება ფიგურა. “მომასმენინე როგორ იქმნება მუსიკა, მე მინდა ეს მისი ხმოვანების დროს აღვიქვა ” – ამბობდა არტისტისთვის ერთერთი მნიშვნელოვანი კომპოზიტორი, სტივ რაიხი, და თუ მასთან მუსიკა თავის თავს ქმნის პროცესში,

⑆ Vazhmarrთან მუსიკა ღიად და დაუფარავად ყოყმანობს: მან თითქოს არ იცის რომელი პროცესი მომართოს, რადგან ყველას აქვს ევოლუციის ლეგიტიმური შანსი. თითოეული ფრაგმენტი, ნაკუწი, განსხვავებული მუდმივაა, რომელსაც თავისი სიღრმე და ხასიათი აქვს.

და თუ ამბიენტი თვისობრივად გარემოასიტუაციის ნიშნული, თუ ამავდროულად არტისტისთვის მუსიკა რეალობის ინტერპრეტაციაა, მაშინ ჩვენ ამ რეალობის განვითარების სხვადასხვა ოპციებს შორის მოცეკვავე გონებას ვხედავთ. რეალობის ანალიზს მანამდე, სანამ ის არსებობაში შემოაღწევს. ის გაერთიანებული ხმის ღრუბლის ქვეშსცენარების ულიმიტო ვარიანტების სივრცეში განუწყვეტლივ მოძრაობს და მათ შორის მყოფი მდგომარეობის საუნდტრეკს ქმნის.

ოპცია 3: მელოდია როგორც ოპციის მიღება

ნებისმიერი მსმენელი დამეთანხმება, რომ მუსიკას განწყობის მიხედვით არჩევს ხოლმე. საინტერესოა Vazhmarrის მსგავსი მოუხელთებელი მსვლელობები რომელ ემოციურ მდგომარეობას ესადაგება. მარტივად რომ ვთქვათ: როდის და როგორ უნდა ჩავრთოთ ის, როდესაც განწყობის მოცემის მაგივრად მისი შემოქმედება საერთოდაც განწყობების აბსურდულობაზე გველაპარაკება. საქმეს ისიც ართულებს, რომ ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს დაიტოვებს თუ არა ის ამ ტაქტიკას თუ სულ სხვა ტიპის ექსპერიმენტებს გაჰყვება. 28 მაისის მისი მასშტაბური ლაივი ალბათ დაგვეხმარება ამის გაგებაში. მანამდე კი, “განწყობისათვის,” მისი შემოქმედებიდან ერთი გამორჩეული ტრეკი შეგვიძლია გასაღებად გამოვიყენოთ. გამორჩეული, იმიტომ რომ ეს ტრეკი ალბათ ერთადერთია, რომელიც ორგანიზებულ თხრობას ანვითარებს და თვითგამომრიცხავ ელემენტებს არ შეიცავს. ალბათ სწორედ ამიტომ აქვს ინტერნეტსივრცეში ყველაზე ბევრი მოსმენა. Space Blues კონვენციური კომპოზიციაა.

ემოციური მელოდიის ძალიან უბრალო, მინიმალური სვლით. ტრეკის ვიზუალი იაპონური მანგის ეკრანიზაციაა: კადრები სამეცნიერო ფანტასტიკიდან ადამიანებისაგან მიტოვებულ დედამიწაზე გვიყვება, რომლებიც კოსმოსში იძულებით არსებობენ და ეს ტრეკში თითქოს ისმის კიდეც. ჰაერით სავსე, გაჭიმული ბგერები გეგონება მინათებული შუქების ერთმანეთთან თამაშია, რომლებიც უსასრულო სივრცეებს უმიზნებს. ლირიულ გადაწყვეტებს კი ფრენის პროცესში ჩუმი ნოსტალგია, დედამიწის მახსოვრობა შემოაქვს. სცენარულ ვარიანტებში რხევას აქაც აქვს ადგილი, მაგრამ ისინი ამ ნარატივთან უძლურები არიან: თემის გარშემო დროდადრო ლანდისებრი ფაზირებები იკრიბებიან და საბოლოოდ ერთ ტონში იკარგებიანისინი მელოდიას გზას შეგნებულად უთმობენ. არტისტის მთელ შემოქმედებით თამაშში თითქოს ეს ტრეკი ერთგვარი აღიარებაა. ნიშნავს ეს თუ არა, ეს რომ მრავალი რეალობიდან ავტორი სწორედ ამ ვარიანტს ირჩევს? არვიცი. თუმცა როგოც მსმენელი ვიტყოდი, რომ ოპცია მიღებულია.

ავტორი: ელენე ფასური