The Irrepressibles – საკუთარ სიყვარულზე

Jamie Irrepressible

გეი სუბკულტურისთვის, როგორც ერთი სოციალური იარლიყის ქვეშ გაერთიანებული თემისათვის, დამახასიათებელია ტრაგიკული და ხშირად ტრივიალური ფრაზებით გაჯერებული მუსიკალური პროდუქციის გაკულტება და გაფეტიშება. ის მომღერლები და კომპოზიციები, რომლებიც გეი ადამიანებისათვის ხშირად ჰიმნებადაც კი აღიქმება, ყოველთვის ერთი და იგივე ნარატივის – უსამართლობაზე გამარჯვების – მატარებელია. რამდენჯერ გაგჩენიათ კითხვა, რატომ არიან გლორია გეინორი, მადონა, შერი ან ბიონსე განსაკუთრებული მნიშვნელობის არტისტები ამ სოციალური ჯგუფისათვის?! პასუხი მარტივია, იმიტომ რომ ეს მომღერლები არიან ქალები, რომლებიც მღერიან იმ უსამართლობაზე გამარჯვების შესახებ, რომლიც ამ სოციალური ჯგუფისთვის ძალიან ნაცნობია. ისინი ამაყი ქალები არიან, რომლებიც პარტნიორების ღალატის შემდეგ კარებს საკეტს უცვლიან და საკმარისად ძლიერები არიან, რომ მათ გარეშე იცხოვრონ.

გემოვნების ასეთი ტრაექტორია, სიმპტომურია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჰეტერონორმატიულ-იმპერიალისტურმა კულტურამ იმდენად იძალადა ჩვენზე, რომ გეი ურთიერთობები ძალიან მყიფე გახდა. სუბკულტურაში, რომელშიც წყვილების ურთიეთობას არ ამყარებს ოჯახის ინსტიტუტი, ბავშვი ან საერთო ქონების ფლობა, ნებისმიერი განშორება მტკივნეულია.

ჯეიმი მაკდერმოტის შემოქმედება მანამდე არსებული, ჟანრობრივად გეი სუბკულტურასთან ასოცირებული მუსიკისგან არსებითად განსხვავდება. მიუხედავად იმისა, რომ მას Jamie Irrepressible ქვია, ის ღიად გეი არტისტია და მეტიც, თითქმის ყველა ინტერვიუში იმაზე აკეთებს აქცენტს, რომ უმნიშვნელოვანესია დღეს არტისტებმა მუსიკალურ სივრცეში საკუთარი იდენტობით დაიმკვიდრონ ადგილი, მისი შემოქმედება მაინც ამოვარდნილია კლასიკური გეი არქეტიპული ფორმულიდან. მუსიკალურადაც, აღსანიშნავია, რომ აქამდე არსებულ პოპულარულ კულტურაში გეი ჰიმნებად დამკვიდრებული შემსრულებლებისგან განსხვაევბით, მასზე უფრო დიდია დევიდ ბოუის, ჩეთ ბეიკერისა და დევიდ ლინჩის გავლენა. მას ხშირად ცნობილ ტრანსგენდერ შემსრულებელს Anohni-საც ადარებენ. როიკსოპთან კოლაბორაციის ფარგლებში შექმნილი კომპოზიციები კი, გეი საკულტო ჰიმნებისგან განსხვავებით, საერთოდ სინთ-პოპის ჟანრშია და უფრო ელექტრონული მუსიკის სფეროა.

ინტერნეტ გამოცემა “ადვკოატთან” ინტერვიუში, 2013 წელს, მაკდერმოტი ამბობდა, რომ მისთვის მთავარია იყოს ღიად ჰომოსექსუალი მამაკაცი და ასე დამიკვიდროს თავი თანამედროვე მუსიკაში. ამ მიზნის მისაღწევად კი მანამდე არსებული სტერეოტიპული სტატეგიის ნაცვლად მან სხვა გზა აირჩია. მან საკუთარ ცხოვრებაზე, საკუთარ სიყვარულზე დაიწყო სიმღერა. სწორედ ამიტომ ჯეიმიმ ყალბ, სიძლიერის გამოვლენაზე ორიენტირებულ პოზას არჩია რეალობას არ გაქცეოდა და საკუთარ სიყვარულზე ემღერა. შემთხვევითი არ არის ისიც, რომ მის ალბათ ყველაზე პოპულარულ სიმღერაშიც In This Shirt აუცილებლად მოკრავთ ყურს მისი “ქრაშის,” ჯეიკის სახელს.

2013 წელს, იმავე ინტერვიუში ჯეიმი აღნიშნავს, რომ მისი შემოქმედება მის ცხოვრებაზეა. მისი ასეთი ნაბიჯი პოლიტიკური მნიშვნელობისაა და შეიძლება ითქვას, რომ ეს თანამედროვე მუსიკაში ქამინგ-აუთის ტოლფასია. ისიც შეიძლება ითქვას, რომ ჯეიმი ერთ-ერთი პირველი არტისტია, რომელმაც გაბედა და საკუთარი გრძნობები არა ჰეტეროსექსუალური ურთიერთობების შესახებ სიმღერით, არამედ პირდაპირ გეი ურთიერთობის აღწერით გადმოგვცა. პრაქტიკულად, ის ერთ-ერთი პირველი მომღერალი მამაკაცია, ვინც სხვა მამაკაცების მიმართ სიყვარულზე მღერის  და ამისათვის კამუფლაჟად ძლიერი ქალის არქეტიპს არ იყენებს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჰომოსექსუალების სიყვარული შეიძლება, ისეთივე ექსპოზიციის საგანი იყოს, როგორიც ჰეტეროსექსუალური. მარტივი შედარებისათვის, თუ მამაკაცს შეუძლია იმღეროს ქალის შესახებ, რომლის სიყვარულიც მას ტანჯავს, რატომ არ შეიძლება მან იგივე გააკეთოს საკუთარი სქესის წარმომადგენელის მიმართაც?!

ჯეიმი მაკდერმოტის (რამდენიმე სხვა არტისტთან ერთად) გამოჩენა თანამედროვე სცენაზე, პრაქტიკულად ახალ პერსპექტივას ქმნის და გეი სუბკულტურა გამოყავს იმ ტრადიციული კლიშედან, რომელიც ვოგინგს, მადონას ან სხვა მანამდე არსებულ ჟანრებს აფარებდა თავს. ეს პერსპექტივა იმის საშუალებას გვაძლევს, რომ გეი ურთიერთობები დავინახოთ, როგორც ადამიანური მოვლენა, რომელიც ფალოკრატული რეპრესიისა და ძალადობის მიუხედავად, ყოველთვის არსებობდა.

თანამედროვე მუსიკაში ასეთი ნაბიჯი გამარჯვების შემდეგ დამდგარი რეალობის ნიშანია. მას შემდეგ რაც დასავლური ცივილიზაციისათვის ერთსქესიან წყვილთა ქორწინება პოლიტიკურ დღის წესრიგში დადგა, ჩვენ არამხოლოდ ჩაგვრაზე, არამედ ჩვენი სიყვარულის შესახებაც ღიად შეგვიძლია ვიმღეროთ. ასეთი ცვლილება გვასწავლის, რომ ყოველთვის ჩაგრული სტატუსის მიუხედავად, ვიმღეროთ იმ პერანგის შესახებ, რომელიც ძველი პარტნიორისგან დაგვრჩა და მისი ჩაცმისას უამრავი მოგონება ცოცხლდება.

10 მარტს, SPACEHALL-ში, “მუზამეს” მეცხრე საკონცერტო ღამეზე, ქართველი მსმენელი პირველად შეძლებს მოუსმინოს THE IRREPRESSIBLES – არტისტს, რომელიც მის სიყვარულზე მღერის.   

ავტორი: დავით კახაბერი